გიორგი მარგველაშვილი - როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი მკვეთრ უმცირესობაში იყვნენ
ვულოცავ ამ დღეს არამხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების და თანასწორობის იდეა. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართული კულტურა და ტრადიცია აღიარებდა და ეყრდნობოდა ღირებულებებს; ისტორიულად ეს იდეები მშობლიური და ძვირფასია.
„მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში თანასწორობის და თავისუფლების მიმართულებით არაერთი გამოწვევა გვაქვს, მათ შორის, კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია – ამ ძალადობის გარკვეულწილად გამართლების და მისი მიმღებლობის ტენდენცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად კონსტიტუციაში დეკლარირებული თანასწორობის იდეისა, ქალები ბევრგან განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას: ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და სხვ. ამ უთანასწორობას, ჩაგვრას და ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ზოჯერ აშკარა, ზოგჯერ უფრო ფარული, მაგრამ ის არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ყველას გვასუსტებს – ქალებსაც და კაცებსაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე, რაც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
„მე კვლავაც მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში. ამაზე მე, ჯერ კიდევ, 2015 წელს გავაკეთე საჯარო მოწოდება, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოგვეღო კვოტირების სისტემა. მაშინ მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად გვემუშავა ამ მიმართულებით. როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უბრალოდ, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი იყვნენ მკვეთრ უმცირესობაში. ამასთან, საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე! მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან.
„ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რათა ამან არ დააბრკოლოს გოგონები, მიიღონ განათლება და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრების გზაზე; განათლების მიღების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობით, რათა ამ უთანასწორობამ არ შეაფერხოს ქალთა აქტიური მონაწილეობა; სახლში შრომის და მშობლობის ტვირთის თანაბარი განაწილების წახალისებით ქალსა და მამაკაცს შორის; ამ ყველაფრის გარეშე ქალთა საჯარო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელია. ძლიერად ვგულშემატკივრობ საზოგადოების დიდ ნაწილს, ვინც ითხოვს სავალდებულო კვოტირებას და მხარს ვუჭერ იმ პროცესს, რომელიც სავალდებულო კვოტირების კანონმდებლობით შემოღებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტში. იმედს გამოვთქვამ, რომ კანონპროექტი მალე გადაიქცევა კანონად და მას მოჰყვება ასევე ის ზემოაღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქალებმა რეალურად შეძლონ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში. მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით თანასწორ და სამართლიან საზოგადოებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.