გიორგი მარგველაშვილი - ქართული ენა ერის კულტურული, ეთნიკური და სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ერის იდენტობის შენარჩუნებისათვის ქართული ენის მნიშვნელობა განუზომელია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენმა ენამ, განსაკუთრებული როლი შეასრულა ძალიან რთულ რეგიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის პროცესში, ამიტომაცაა, რომ დღეს ქართული ენა ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობის განმაპირობებელია.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 40 წლის წინ, ქართული ენის სტატუსის შენარჩუნებისა და დაცვის მოძრაობის ორგანიზატორებსაც ალბათ, ბოლომდე არ იცოდნენ როგორ გაგრძელდებოდა მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს, გადადგეს და დაიცვეს ჩვენი მშობლიური ენა და ამასთან ერთად, სტიმული მისცეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას.
“ქართული ენა ჩვენი, ქართული – კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად, სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია. არსებობენ ერები, არსებობენ კულტურები, არსებობენ უაღრესად ძლიერი სახელმწიფოები, სადაც ასეთ როლს ენა არ თამაშობს. სხვა გამაერთიანებელი ნიშნები გააჩნიათ, სხვა ფენომენებია, რომლებიც აერთიანებენ ამ სახელმწიფოებს და ამ ერებს.
საქართველოს შემთხვევაში ენამ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ამ ურთულეს რეგიონში. ასეთი მცირერიცხოვანი ეთნოსის და სახელმწიფოს უაღრესად დრამატული ათასწლეულების განმავლობაში გადარჩენასა და თავისთავის შენარჩუნების პროცესში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის განვითარების ისტორიული პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფარნავაზის დროს პირველი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ქართული დამწერლობისა და ანბანის შექმნასაც უკავშირდება.
“კიდევ ერთი, ჩვენი ერის ჩამოყალიბების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკუთარი იდენტობის განსაზღვრაში იყო მეოთხე საუკუნე, როდესაც ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ. და ამ მომენტშიც, ქრისტიანობის მიღება, გარდა სულიერი არჩევანისა, იყო შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოყოფის, იდენტიფიკაციის, საკუთარი ენდემურობის და განსაკუთრებულობის გამორჩევის და ამ მომენტშივე სწორედ ახალ ძალას იძენს ქართული დამწერლობა და ქართული ენა, რომელიც მანამდე როგორც ვხედავთ თუნდაც ადმინისტრაციულ დოკუმენტაციაში, ან სხვა შემორჩენილ წყაროებში, მანამდე ასე აქტიური არ არის, მაგრამ როგორც კი ერს და სახელმწიფოს უჩნდება მოტივაცია შექმნას ახალი ძლიერი ტალღა, ხელახლა დაადგინოს და განსაზღვროს თავის თავი, აი ამ მომენტში ჩვენი წინაპრები სწორედ ჩვენს დამწერლობას და ჩვენს ენას იყენებენ მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, გარკვეულ დვრიტად, რომელიც უნარს აძლევს პოლიტიკოსებს, უნარს აძლევს ერს, უნარს აძლევს საზოგადოებას იმისთვის, რომ შექმნას და დაამკვიდროს ძლიერად თავის იდენტობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, გლობალიზაცია ერთდროულად საშიშროებაც არის და ძალიან დიდი შესაძლებლობაც.
როგორც ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს და ჩვენი ქვეყნისა და ერის უაღრესად ძლიერი უნარი აქციეს სახელმწიფოს და ქვეყნის მაკონსოლიდირებელ ძალად, ჩვენს წინაშეც იგივე ამოცანა დგას. აიტი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის კონტექსტში, ქართული ენის და ქართული სახელმწიფოს წინაშე კიდევ ერთხელ დგას, სწორედ ნიჭზე, უნარზე და შრომისმოყვარეობაზე დაფუძნებული გადაწყვეტების უზრუნველყოფა და სახელმწიფოს, ენის და ერის ერთდროულად გაძლიერება და გადარჩენა.
„ამიტომ უაღრესად მისასალმებელია, რომ თანამედროვე აიტიგადაწყვეტები სწორედ ქართულ ენაზე ხორციელდება იმიტომ, რომ ეს პროცესი შემოდის ისე ინტენსიურად ჩვენს ყოფაში, რომ ის განაპირობებს კიდევაც ჩვენი აზროვნების ფორმას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მოწვეული სტუმრები.