გიორგი მარგველაშვილი - პროკურორობის არცერთი კანდიდატის მიმართ პოზიციას არ დავაფიქსირებ, მთავარია, როგორ განხორციელდება პროცესი
გიორგი მარგველაშვილი - პროკურორობის არცერთი კანდიდატის მიმართ პოზიციას არ დავაფიქსირებ, მთავარია, როგორ განხორციელდება პროცესი

პროკურორობის არცერთი კანდიდატის მიმართ პოზიციას არ დავაფიქსირებ, მთავარია, როგორ განხორციელდება პროცესი, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„კანდიდატების თაობაზე მსჯელობა და კანდიდატების განხილვა არის ზურგის შექცევა და გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ნათლად და აქტუალურად დააყენა. ეს საკითხი მდგომარეობდა შემდეგში – უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზაცია, უნდა განხორციელდეს მთავარი პროკურორის შერჩება ისე, რომ ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა. უნდა მომხდარიყო ამ დროის განმავლობაში საჯარო კონსულტაციები. მე რამდენადაც ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესს, ასეთი საჯარო კონსულტაციები და საზოგადოებრივი განხილვები არ მომხდარა. ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.  მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.