საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს აგრძელებს.
პრეზიდენტის სასახლის შემდეგ, სადაც გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია, გაფართოებული შეხვედრა უკვე საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.
ნიკოლაი ვუცინმა გიორგი მარგველაშვილს ათენში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბედნიერები ვართ, რომ საბერძნეთის ცენტრში, ათენში დღეს საქართველოს პრეზიდენტს ვმასპინძლობთ. საყოველთოდ ცნობილია, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართომასშტაბიანია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, რომელიც მრავალათასწლეულებს მოიცავს, სულ უფრო და უფრო ფართოვდება“, – განაცხადა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი გუშინ არ გაკეთებულა, გაკეთდა მაშინ, როდესაც საქართველომ და ბიზანტიამ, საბერძნეთმა ერთნაირად დაინახეს რეგიონის განვითარების მომავალი.
„ჩემს ენაში სიტყვა ბერძენი და ბრძენი არის ერთიდაიგივე, ბერძენი და ბრძენი. მე აქ, კოლეგებში, ნამდვილად ვხედავ ბრძნულ პოლიტიკას“, – აღნიშნა გიორგი მარგვველაშვილმა.
ერთობლივი განცხადებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი ბერძნული პარლამენტის უმაღლესი ჯილდოთი, პერიკლეს მედლით დააჯილდოვა.