გიორგი მარგველაშვილი - ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებას მივესალმები
საქართველოს პრეზიდენტი ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებას მიესალმება. ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარლამენტში ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებაზე მსჯელობა მიმდინარეობს და იგი ამ ნორმების ლიბერალიზაციას მიესალმება.
„როდესაც პროცედურა დადგენილია ორმაგი მოქალაქეობის და იქ რაღაც პროცედურული პროცესებია გასავლელი, ეს ბუნებრივად ანელებს ამ პროცესსა და თუ იქნება, ასე ვთქვათ, უფრო ლიბერალური მიდგომა ამ საკითხისადმი და თქვენი ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე პროცედურები არ იქნება იმ რთული პროცესით გასატარებელი, რომელიც ახლა არის განსაზღვრული, ჩემთვის ეს იქნება მხოლოდ სასიხარულო და მე მხარს დავუჭერდი და მივესალმები რაც შეიძლება სწრაფად ამ კანონის მიღებას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება ქართული დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.