გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა მრავალი პრობლემა, რომელზეც დარგის სპეციალისტები მიუთითებდნენ
გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა მრავალი პრობლემა, რომელზეც დარგის სპეციალისტები მიუთითებდნენ

ნინო გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ, არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს, ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ქვეყნის დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის, სამართლებრივი პროცესისა და საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას.

„სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება, არის თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა. არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იმავე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინო გვენეტაძის განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. არ მინდა, ეს გადადგომაც იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა, არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.

„ეს არის გამოწვევა, რომელსაც ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.  ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.