გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და არ ჰგავდეს ტრაქტორებისა და კაბელების საქმეებს
ნებისმიერი პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და ტრაქტორებისა და კაბელების საქმეებს არ უნდა დაემსგავსოს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ამის თაობაზე ვერ მოგახსენებთ, რადგან კონკრეტულად არ ვიცნობ, ვისგან ხდება გამოკითხვა, არის თუ არა პროცესი დაწყებული. მიმაჩნია, მთავარია, რომ პროცესები მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება გამჭვირვალედ და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები, თუ როგორ ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები.
„გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ, უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმართებაში, როდესაც ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან, ეს კითხვა მაქვს და შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, იყოს უაღრესად გამჭვირვალე. აღნიშნული პროცესი არ უნდა დაემსგავსოს იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს. ეს არ უნდა იყოს „ტრაქტორების საქმე“ და ეს არ უნდა იყოს „კაბელების საქმე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. უწყების ინფორმაციით, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.