გიორგი მარგველაშვილი NDI-ს წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი NDI-ს წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელთა მისიას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: კარლ ინდერფურტი, კრისტინ ტოდ-ვიტმანი, პერ ეკლუნდი, მარია ბაბიჩი და მელისა მუსიო. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისია დაინტერესდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობით.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო მისიასთან შეხვედრისას ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში დღის წესრიგში მდგარ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო მისიასთან საკუთარი პოზიცია გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა პრეზიდენტის ინსტიტუტი და კიდევ უფრო შეკვეცა მისი უფლებამოსილებები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების თემებს, განსაკუთრებით, ოკუპაციის კონტექსტში იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოკუპაციასთან ბრძოლის მიმართულებით.