გიორგი მარგველაშვილი - ნატო-ს სამიტზე იტალია იყო ერთ-ერთი, რომელმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად დააფიქსირა საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა
მინდა, მადლობა ვუთხრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი და ისტორიული ვიზიტისთვის. ეს არის იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, რომელიც ნამდვილად საფუძველს ჩაუყრის უფრო ფართო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა საუბარი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრით დაიწყო და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
„პირველ რიგში, მინდა, ვუსურვო სწრაფი გამოჯანმრთელება და ტკივილის შემსუბუქება იმ ადამიანებს, ვინც დღეს მკურნალობენ ამ ტრაგიკული მოვლენის გამო“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, იტალია არის საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი ევროპული ქვეყანა.
„ნატო-ს სამიტზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, დააფიქსირა საქართველოს პროგრესი. იტალია იყო ერთ-ერთი იმ 29 ქვეყანას შორის, რომელმაც მკვეთრად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონიდან დააფიქსირა საქართველოში რუსული ოკუპაციის მიუღებლობა, რუსული ჯარის გაყვანის აუცილებლობა, საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობაში მიწვევის ნათელი პერსპექტივა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა TAP-ის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარტნიორ ქვეყნებთან ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.
„მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა TAP-ის პროექტს, რომელიც ნათლად ასახავს ჩემი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და ღირებულებას, რომელიც მდგომარეობს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში.
საქართველო, როგორც რეგიონში ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ორმილიარდიან ბაზართან, უაღრესად წარმატებული რეიტინგები ბიზნესის გახსნის, კორუფციის არარსებობისა და სტარტაპების თვალსაზრისით, ძალიან ფართოდ ხსნის თავის კარს პარტნიორი ქვეყნების ბიზნესწარმომადგენლების მიმართ. თქვენ ამ ვიზიტზე ჩამობრძანდით ბიზნესმენებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ბიზნესთან ურთიერთობა გაგრძელდება იმ ძალიან წარმატებული, ასევე ბიზნესდელეგაციის ვიზიტის შემდეგ, რომელიც ბატონ პრემიერ კვირიკაშვილს სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა იტალიაში“, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იტალიამ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაუღო კარი ქართველ ახალგაზრდებს.
„მომავალშიც საქართველოს ყველა ლიდერი იტალიის წარმომადგენელს მადლობას ეტყვის იმ განსაკუთრებული დახმარებისთვის, რომელიც თქვენ, თქვენმა ქვეყანამ გაუწიეს საქართველოს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირდა.
საქართველოს ოკუპაციის პირველი ტალღის დროს, 90-იან წლებში, როდესაც მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია ჰიბრიდული რუსული ძალის მიერ, იტალიამ ფართოდ გაუღო კარი 1000-მდე ქართველ ახალგაზრდას, ქართველ ოჯახს და შეიფარა ისინი. ეს განსაკუთრებით კიდევ იმიტომ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ იმ ქალაქიდან, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.