გიორგი მარგველაშვილი - მთავრობასთან, პარლამენტთან ურთიერთობაში არასდროს შემიტანია ელემენტი, რომ ვინმე არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი
პრემიერებთან, მინისტრებთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან და დეპუტატებთან ურთიერთობაში არასდროს შემიტანია ელემენტი, რომ ვინმე არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ქვეყნისა და სახელმწიფოს პატივისცემით იყო განპირობებული.
„ამ ხუთი წლის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ჩემს კოლეგებთან, როგორც პრემიერ-მინისტრებთან, მინისტრებთან, პარლამენტის თავმჯდომარეებთან, დეპუტატებთან და მათთან ურთიერთობაში არასდროს შემიტანია ელემენტი, რომ ვინმე არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ეს დამოკიდებულება განპირობებული იყო, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის პატივისცემით, რადგან მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ პრეზიდენტი, ხარ პრეზიდენტი, როდესაც ხარ პრემიერი, ხარ პრემიერი და როდესაც ხარ დეპუტატი, ხარ დეპუტატი.
თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი, დეპუტატი და მინისტრი თავის თავიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და არ უნდა ეძებდეს თავისი შეცდომების თუ რაღაც ნაბიჯების გამართლებებს იმით, რომ ვინმეს ჩრდილის ქვეშ დაიმალოს. ხშირად, სავარაუდოდ, ასეც ხდებოდა. მე მათ ყოველთვის პატივს ვცემდი და მქონდა ურთიერთობა როგორც პრემიერებთან, ისე თავმჯდომარეებთან და ა.შ.”,- განაცხადა მარგველაშვილმა.