გიორგი მარგველაშვილი - მე მქონდა უნარი, არ მიმეცა არავისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყევის შესაძლებლობა, რაც საზოგადოების მხარდაჭერისგან მოდიოდა 
გიორგი მარგველაშვილი - მე მქონდა უნარი, არ მიმეცა არავისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყევის შესაძლებლობა, რაც საზოგადოების მხარდაჭერისგან მოდიოდა 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამომავლო გეგმებზე კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს.

„სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მომავალში მოგახსენებთ. დღეს საკმარისია იმ ნიუსებისთვის, რაც გითხარით, დღევანდელი დღე ამ ნიუსით ვიცხოვროთ. გაგიზიარეთ ღირებულებები, რომლებსაც ვემსახურებოდი და ეს იყო ყოველთვის არა დაპირისპირება საზოგადოების, არამედ გაერთიანება, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფოს სამსახური. ეს იყო პრეზიდენტობამდე, იყო პრეზიდენტობის პერიოდშიც და მომავალშიც იქნება ის პრინციპი, რასაც ვემსახურები. დანარჩენ ნაწილში დღევანდელი ნიუსი საკმარისია”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რამდენად თამამად იტყვის მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არის ხალხის მიერ არჩეული, ემსახურება ხალხს და არა პოლიტიკურ ელიტებს.

„კიდევ ერთი შეცდომა, რაც ქართველ პოლიტიკოსებს ემართებათ ხოლმე, ისაა, რომ არიან პოლიტიკური ელიტების სამსახურში. ეს ყველაფერი იქნება განმაპირობებელი იმისა, თუ ვის შემოვხაზავ 28 ოქტომბერს. ვის შემოვხაზავ, ესეც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება იმით, რანაირად ჩამოაყალიბებენ ისინი თავიანთ პოზიციას სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ. მინდა მოგახსენოთ, რომ არსებობს ასეთი ამერიკული ტერმინია On my watch, რაც ნიშნავს, “ჩემი ცვლის პერიოდში”. ჩვენი ცვლის პერიოდში ეს ინსტიტუტი ვერ შეარყიეს, ვერც ფორმალურად, ვერც არაფორმალურად. ჩემი ცვლის პერიოდში ვერ შეცვალეს ამ ინსტიტუტის არჩევნების ფორმა და ადგილმდებარეობა, ასეც გადავცემ მე ამ ინსტიტუტს მომავალ პრეზიდენტს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ძალა მოდის თქვენგან. თუ მე მქონდა უნარი, რომ არ მიმეცა არავისთვის შესაძლებლობა, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეერყიათ, ყოველ შემთხვევაში ჩემი ცვლის პერიოდში, ეს გამომდინარეობდა არა ჩემი პიროვნული ძალიდან, არამედ საზოგადოების მხარდაჭერისგან. პოლიტიკოსი ყოველთვის გრძნობს ამ ძალას, ამას დავაკვირდები მომავალ საარჩევნო პროცესში, რამდენად მომავალი კანდიდატები იქნებიან თამამი, იქნებიან ორიენტირებულები საზოგადოების გაერთიანებაზე და არა გახლეჩაზე”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.