გიორგი მარგველაშვილი - მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი სიცოცხლის რისკის ფასად შახტში, კატასტროფული ალტერნატივაა
მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი სიცოცხლის რისკის ფასად შახტში, კატასტროფული ალტერნატივაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მისი დახურვის შეფასებისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული.
„საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტში. რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული.
ამასთან მიმართებით, არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა იყოს მოძიებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებელი იმისა, რომ სახელმწიფომ გაუძღვეს ამ მიმართულებით და გადაწყვიტოს ეს პრობლემა, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც და მეორე ვარიანტისაც.
როდესაც ისევ ბიზნესი სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ, ასე ვთქვათ, ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მეშახტეთა ინტერესებიდან გამომდინარე. მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი სიცოცხლის რისკის ფასად შახტში, არის კატასტროფული ალტერნატივა და ტრაგედიაა, რომ ჩვენ ამ ალტერნატივის სისხლიან შედეგებს ვხედავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.