გიორგი მარგველაშვილი - ორ მნიშვნელოვან თარიღს, 26 მაისსა და ნატო-ს სამიტს არ უნდა შევხვდეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში იქნება ჩართული
ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო არ უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის, ეს არ იქნება კარგი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას კითხვას, რომელიც აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, უახლოეს ხანებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
„წინ ორი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს, ერთ არის 26 მაისი და მეორე, ნატო-ს სამიტი. ორივე ამ თარიღზე პრეზიდენტის ჩართულობა და როლი არის გადამწყვეტი. ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო არ უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად შესაძლოა, იყოს კონკურენტი სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის, ეს არ იქნება კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორივე თარიღის ირგვლივ აბსოლუტურად გაერთიანებულნი. ვიდრე ეს ორი თარიღი არ შედგება, პოლიტიკური დღის წესრიგით, არ უნდა ვიყოთ გახლეჩილები, ყოველ შემთხვევში მე ამას ვცდილობ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მოწოდებულია, რათა ეს გახლეჩა არ მოხდეს. დინამიკა ისეთია, რომ ხშირად ვხედავთ პოლიტიკური დღის წესრიგები დომინირებს სახელმწიფოებრივ დღის წესრიგზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ თარიღებამდე არ ვაპირებ, რომ პოზიცია დავაფიქსირო”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.