გიორგი მარგველაშვილი - იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც ყურადსაღებია
გიორგი მარგველაშვილი - იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც ყურადსაღებია

იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც ყურადსაღებია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. იან კელიმ აღნიშნა, რომ საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც მათ აფიქრებს.

„არ იყო მარტო იან კელის განცხადება და ნება მომეცით, ცალკე განცხადებებზე არ გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ შევაჯამებ – იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც ყურადსაღებია. იცით რა ვითარებაა, პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი, ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა, თუ სკანდალი რაღაცნაირად მიავიწყებინა საზოგადოებას, ყველას ეს ავიწყდება, თუ შეცდომა რამენაირად დალაგდა საქართველოში, რომ ამის თაობაზე ყველა ივიწყებს.

ასე არ არის, ის შეცდომები, რასაც ჩვენ ვუშვებთ დემოკრატიასთან მიმართებაში, რაზეც ვსაუბრობდით მთელი წინა წელი, რაც გამოიხატება, როგორც ხელისუფლების ზედმეტ კონსოლიდაციაში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში, ისე ინსტიტუციური სტაბილურობის შესუსტებაში – ეს ყველაფერი არსად იკარგება.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის ერთ და ორ კვირაში და გადააგორებთ რაიმე სხვა თემით. ყურადღება მიაქციეთ ამ განცხადებებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.