გიორგი მარგველაშვილი - იენს სტოლტენბერგთან განვიხილეთ ყველა არსებული ინსტრუმენტის გაძლიერების საკითხი, რომელიც დაგვაახლოებს ნატო-სთან
გიორგი მარგველაშვილი - იენს სტოლტენბერგთან განვიხილეთ ყველა არსებული ინსტრუმენტის გაძლიერების საკითხი, რომელიც დაგვაახლოებს ნატო-სთან

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დღევანდელი შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის, საქართველო მზადაა, რომ ნატო-სთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისათვის.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ნატო-ს მისიებში და კონკრეტულად მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ნატო აფასებს საქართველოს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვს ქვეყანას საერთო უსაფრთხოებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.