გიორგი მარგველაშვილი - გირგვლიანის მკვლელების შეწყალება აბსოლუტური ამორალობაა
გირგვლიანის მკვლელების შეწყალება აბსოლუტური ამორალობაა, რადგან როცა ადამიანს წამებით კლავენ, რაშიც შენი გარემოცვა მონაწილეობს, ეს ადამიანები არ უნდა შეიწყალო. აქ მორალზე ლაპარაკიც არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით გიორგი მარგველაშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა მორალური დილემა და როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ პრეზიდენტმა ასეთი ადამიანები აღარ შეიწყალოს; ქვეყნის მეთაურს შეწყალების აბსოლუტური უფლება უნდა შეეზღუდოს, თუ უნდა დარჩეს.
როდესაც სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, იქ მორალური დილემა არ ყოფილა. ისეთი პრეზიდენტი არ უნდა აირჩიო, რომელიც შეკვეთილი წამებისა და მკვლელობის აღმსრულებლებისთვის ჯერ კანონმდებლობას შეცვლის, მერე კი ამ ადამიანებს ციხიდან გამოუშვებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როცა სააკაშვილს პრეზიდენტად ირჩევდნენ, იცოდა თუ არა, რომ შესაძლოა, ის აქამდე მისულიყო, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს იცოდა და მიხეილ სააკაშვილს არა 2011 წელს, არამედ გაპრეზიდენტებამდე დაუპირისპირდა.