გიორგი მარგველაშვილი - ბრალდებები კრიმინალური ჯგუფების ჩარევაზე, რეკეტსა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაზე, სულაც არ არის სასაცილო
არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე, კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებსა და პოლიტიკურ რეაქციებზე, იმ განცდაზე, რაც არის საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი იყო.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც აქამდე და არც დღეს ფარული ჩანაწერების შეფასებას არ ვაკეთებ. სტანდარტი, რომ არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს არის ის, რომელიც მინდა, შევინარჩუნო. ამავე დროს, ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში გამოვლინდა. არაფორმალური ჯგუფების ბრალდებების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევის, რეკეტის ან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, ამ საკითხს პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით, რომ ეს თურმე ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა, ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი. თუ პოლიტიკურ დისკუსიაში, სამი კვირის განამავლობაში, რაც საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი, არაადეკვატურ ღიმილსა და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, ეს თავისთავად პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.
„საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერებისა და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას. ჩემი აზრით, იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი, არც კენჭს ვიყრი და არც კამპანიაში არ ვმონაწილეობ. ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება, არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გაღრმავების შემდეგი ნაბიჯი.
აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედაც რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.