გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.
„განხილული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში. თავისთავად ცხადია, განხილულ იქნა არჩევნების გარემო, ვითარება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეს არჩევნები, რომ ქვეყანამ ღირსეულად ჩააბაროს ტესტი დემოკრატიაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.
„თავისთავად ცხადია, საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემებს რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის ფედერაციას და ნაბიჯებს, რომლებიც მომავალში უნდა გადაიდგას, რათა ის მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც დღეს ორ ქვეყანას აკავშირებს, მომავალში გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, – აღნიშნა ფხალაძემ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტთან. ის ჩვენი მეგობარია ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად თანამშრომლობის დროიდან, რომელთანაც მე ვიყავი დაკავშირებული აქ ჩამოსვლამდე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ვფიქრობ, ორივე ჩვენგანს გვაქვს მაღალი მისწრაფებები ამ ქვეყანასთან მიმართებით და იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც მასთან გვსურს, გვქონდეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის იმ გზებზე, რომელიც მომდევნო კვირებში შეგვიძლია გვქონდეს წინსვლისა და მომავლისთვის“, – განაცხადა როს უილსონმა.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი და აშშ-ის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.