გიორგი მარგველაშვილი - არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა იმ სიმაღლემდე, რომ მე გული მატკინოს
გიორგი მარგველაშვილი - არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა იმ სიმაღლემდე, რომ მე გული მატკინოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის კრიტიკა რეიტინგს მატებს და მომავალშიც ასე იქნება.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დღეს ეპიცენტრი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრები, სადაც  იმას ითხოვენ, რაც  ქართველ ხალხს სჭირდება.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას აღნიშნული შეხვედრების მონაწილე იმ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა, რომლებიც მას არც თუ სასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მას პიროვნულად არ შეხებია.

„არა მხოლოდ თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკოსები, ამას შეძლება, ზემოდან დავამატოთ მთელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომლებიც თავისთვის ძალიან უხერხულ განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ შემთხვევაში ეს მე პიროვნულად არ შემხებია. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი მათი კრიტიკა პოლიტიკურად მე რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს. ასე რომ, ამას არ ვუყურებ პიროვნულად, ვუყურებ ქვეყნისთვის არსებული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ სიმაღლემდე არც ერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა, რომ გული მატკინოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.