გიორგი მარგველაშვილი - აპელირებდე სისხლიან ცხრა წელიწადზე და აწინაურებდე კოშმარების განმახორციელებლებს, მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს
გიორგი მარგველაშვილი - აპელირებდე სისხლიან ცხრა წელიწადზე და აწინაურებდე კოშმარების განმახორციელებლებს, მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ. ამავე დროს, ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმს თბილისში“ განაცხადა, სადაც „უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს.

„ჯერ იყო იდეები, რომელიც მოდიოდა არა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, არამედ მოსაზრებები იყო საზოგადოებიდან, რანაირად უნდა წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, წინ წასვლა არც ერთი კონცეფციით არ მომხდარა. მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ტკივილი, ტრაგედიები გაურკვეველი ფორმით დავაკონსერვეთ. აქ შემაწუხებელი ის კი არ არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობას ჩადიოდნენ, ვსაუბრობ წამებასა და საშინელ დანაშაულებზე, ვერ ხედავდნენ სასამართლოში მომავალს, არც იმდენად შემაშფოთებელია, რომ ეს ადამიანები არ ისჯებიან და ვინც ამას ახორციელებდა, შემდეგ დაწინაურდნენ, ხშირ შემთხვევაში, თავიანთი ქმედებით არ დაისაჯნენ და დაწინაურდნენ.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ექვსი წლის განმავლობაში ეს თემა მუდმივად არის აწეული მაღალ ტემპერატურაზე. მუდმივად გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ. ამავე დროს, ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ერთდროულად აპელირებდე სისხლიან ცხრა წელიწადზე და საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა, ამასთან, ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს. ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. უკეთესი ამ თემის დავიწყებაც იქნებოდა, მაგრამ ერთდროულად ამის კეთება, ამდენი წლის განმავლობაში, მუდმივად მათზე მიუთითებთ, რომ აი, ისინი და მათ ხალხს ვაწინაურებთ, ეს უკვე კომიკური ვითარებაა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის დევნის მომხრე არ არის.

„ახლა უკვე ადეიშვილისა და კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ საზოგადოებას და აშინებენ, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის დროს“. ეს დისონანსი უნდა იყოს გადაძლეული. არასდროს ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე, მაგრამ ასეთი დისონანსის შექმნა ჩემთვის გაუგებარია, რადგან არ მესმის რას ვემსახურებით ამ მომენტში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.