გიორგი მარგველაშვილი - ალბათ მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და იმ სტრუქტურებსაც, რომლებსაც ევალება ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებაზე
ალბათ მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და იმ სტრუქტურებსაც, რომლებსაც ევალება ზედამხედველობა პროცესებზე, არამარტო შახტთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას. მე რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ჩემი ტკივილი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებთან ერთად ჩვენ დღეს ვგლოვობთ. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე პარლამენტში არაერთი მოწოდება გამიკეთებია ჩემი გამოსვლების დროს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პროფკავშირებთან და სხვა ინტერესჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყება.
„ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს პროფკავშირებთან და სხვა ინტერესჯგუფებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ასეთი კონსულტაციები მანამდეც იყო, პოზიცია და მოთხოვნები დაფიქსირებულია. ალბათ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ევალება ზედამხედველობა პროცესებზე, არამარტო შახტთან მიმართებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.