გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტმა და საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ტოლერანტობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ტოლერანტობა მშვიდობიანი, თანამედროვე და ევროპული სახელმწიფოს აშენების ძირითადი ელემენტია.
„ადამიანი, რომელიც იცავს, მუშაობს ადამიანის უფლებების, მისი თავისუფლების დასაცავად, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ასევე, პოლიტიკური ლიდერისათვის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, არამარტო პოლიტიკური დღის წესრიგის თვალსაზრისით, არამედ სიღრმისეულად, როდესაც ვიღაცის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა, ჩვენი ამოცანაა ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.