გიორგი მარგველაშვილი - იმ პირებს, რომლებიც კანონით არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, უფლებების აღსადგენად ჩვენ რეალურ მექანიზმს ვაძლევთ
პირებს, რომლებიც კანონით არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, საკუთარი უფლებების აღდგენის რეალურ მექანიზმს ვაძლევთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებისა და პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
„ჩვენ გაეროს წარმომადგენელი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გადასალახად დაგვეხმაროს და რჩევა მოგვცეს. ანალოგიური პრობლემები სხვა ქვეყნებსაც ჰქონიათ და იმედია, შევძლებთ და საუკეთესო გამოცდილების რეალობაში გადმოტანისთვის პოლიტიკური ნება გვეყოფა. მეორეს მხრივ, იმ პირებს, რომლებიც კანონით არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, თავისი უფლებების აღდგენის რეალურ მექანიზმს ვაძლევთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი განმარტებით, მემორანდუმის თანახმად, ადვოკატთა ასოციაცია იმ პირებს დაეხმარება, რომელთაც სურთ, საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოში დაამტკიცონ.
„ადვოკატთა ასოციაცია მათ სასამართლოში თავიანთი საქმეების წარდგენაში დაეხმარება და ამასთან ერთად, ამ პროცესების კვალდაკვალ, მეტი ინფორმაცია შეგროვდება, თუ ვინ იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში, სულ რამდენიმე წლის წინ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს აპატიმრებდნენ, ასამართლებდნენ და ციხეში სვამდნენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
იმ პირებს კი, რომლებსაც საკუთარი უფლებების დაცვა სურთ, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა, ადვოკატთა ასოციაციას მიმართონ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას ეხება და მისი მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი იმ დროებითი კომისიის მუშაობას დააფინანსებს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შექმნა.