ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილ კომისიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს
ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილ კომისიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას უკავშირდება და მიზანად ისახავს იმ ღონისძიებების მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი იმ დროებითი კომისიის მუშაობას დააფინანსებს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შექმნა.

„უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის“ დროებითი კომისია, რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, მათ საქმეებს შეისწავლის, დასკვნებს მოამზადებს და დაეხმარება, სასამართლოს მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით მიმართონ.

კომისია ამ პირებს ასევე დაეხმარება, მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართონ.

მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა, ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან – რვა წლამდე.