გიორგი მარგველაშვილი - ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება მარწმუნებდა, რომ სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას თქვენთან ერთად გავაგრძელებ
გიორგი მარგველაშვილი - ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება მარწმუნებდა, რომ სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას თქვენთან ერთად გავაგრძელებ

საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და მოქალაქეების სამსახურში იდგეს.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი რამე, რაც მინდა გაგიზიაროთ მომავალთან მიმართებაში არის შემდეგი – ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში. მეორე – პოლიტიკოსს, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევა აქვს. მისი ერთადერთი შემკვეთი, მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე ან ვინმე სხვა ადამიანი, ან რომელიმე ძალაუფლების მქონე ჯგუფი. მე მინდა, ამ თვალსაზრისით ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რაც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს – მიზანი პრეზიდენტის უნდა იყოს, გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის, არ უნდა იყოს არც ერთი მცდელობა, რომ ძალიან პატარა ერი, ძალიან პატარა მისიით, დააპირისპიროს ერთმანეთთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა გამოიძებნოს ყველა საშუალება, რათა ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს და ამ გაერთიანების პროცესში არ დაკარგო მთავარი, მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა ერისა.

„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ვარ განსხვავებულნი, რომ ჩვენ ამ განსხვავებაში ვემსახურებით ერთ-ერთ მთავარი ღირებულებას, ეს არის ჩვენი სამშობლო და ეს არის ჩვენი დემოკრატია. დღეს მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელიც ამ ხუთი წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, არც ერთხელ ჩემთვის არ შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა ხუთი წლის განმავლობაში. ყველაზე დიდი მადლობა ქართველ ხალხს და ქართველ საზოგადოებას, გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა მე ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას იყენებს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ, მაშინ როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, მაშინ როცა მე გავივლიდი თბილისის ქუჩაში, მე მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, თუ როგორ მხვდებოდნენ ადამიანები. ამის განცდა მე მუდმივად მამყოფებდა იმის დარწმუნებულობაში, რომ სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ. მადლობა ქართულ საზოგადოებას. მე ვრჩები თქვენს სამსახურში, ისევე როგორც მაშინ ვიყავი”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.