გიორგი მარგველაშვილი - 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრიობის აღდგენის ურყევი ნება გამოხატა
31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა – ამის შესახებ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით აცხადებს.
პრეზიდენტის თქმით, ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის დღეს. ჩვენს ისტორიას, ათასწლეულების განმავლობაში, სწორედ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა წარმართვდა.
31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. მაშინ ყველამ ერთხმად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. ჩვენ ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ქვეშ და დღესაც საქართველო განაგრძობს სვლას საერთო ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილისათვის.
დღეს ასევე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.
სწორედ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.