არჩილ თალაკვაძე - დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს იგრძნობოდა საქართველოში
არჩილ თალაკვაძე - დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს იგრძნობოდა საქართველოში

დღესაც გვჭირდება ის ერთიანობა, სულისკვეთება და მიზანსწრაფულობა, რაც 1991 წლის 31 მარტს მძლავრად იგრძნობოდა საქართველოში, გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღის შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წლისთავი მიულოცა და ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეფერენდუმის შედეგი იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანი იდეალებისთვის მებრძოლი ხალხის ნების გამოხატულება.

„30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმზე საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო საზოგადოების ერთობის, აგრეთვე, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის ნების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება. ეს დღე შეგვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ასევე, ნიშანდობლივია და მსურს, აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენი ურყევი და მტკიცე მეგობრობის დასაწყისი გახლდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.