გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.
„განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც, სადაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.