გიორგი მამაცაშვილი - ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მიღებული კანონი ცილისწამების შესახებ
გიორგი მამაცაშვილი - ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მიღებული კანონი ცილისწამების შესახებ

ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მიღებული კანონი ცილისწამების შესახებ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხელისუფლებას დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაესაჯა, რადგან სიძულვილის ენა და ბოროტება სწორედ აქედან მოდის. სიძულვილის ენა და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა იმის შედეგია, რომ შარშანწინდელი და შარშანწინის წინდელი დამნაშავეები დღეს მორალს გვიკითხავენ, რითაც საზოგადოებას ნიჰილიზმში, გულგრილობაში ვამყოფებთ და მის უმრავლესობას ტელეეთერის შეხედვა უკვე ეზიზღება. ტელეწამყვანებმა უნდა იცოდნენ, რომ დამნაშავე გუნდის მხარდამჭერები ეთერს არ უნდა გააკარონ. ეს თავისუფლების შეზღუდვა არ არის“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

როგორც მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ჟურნალისტი სალომე უგულავა იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია, რომელსაც ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, სააკაშვილი, უგულავა, თარგამაძე, კეზერაშვილი, გვარამია, არველაძე, მარტივ მამრავლებად დაშლილები, გაყოფილები, თუ გამოყოფილები წარმოადგენენ და ამ გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენაზე არ უნდა საუბრობდნენ.

„ეს გუნდი დღეს სიძულვილის ენაზე საუბრობს, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მახინჯი თოჯინა უწოდა. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როცა მავანისგან შეიძლება, ნებისმიერი განცხადება დისკრიმინაციად და სიძულვილის ენად იყოს შეფასებული, მაგრამ მავანისგან, იგივე, ან უფრო უხეშად ნათქვამი – თავისუფალი გამოხატვის უმაღლესი მწვერვალი. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას შორის პოლიტიკაში, მედიაში და ა.შ, გიორგი მამაცაშვილმა განაცხადა, რომ ეს ზღვარი განათლებაზე და კანონის უზენაესობაზე გადის.

„როდესაც მე, მედიის წარმომადგენელი მეორე მედიისგან საკმაოდ უხეშ, მძაფრ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენ, შემდეგ კი მისი ტირაჟირება მიხდება ან იძულებული ვარ, რაღაც ფორმით შევკვეცო, ამ შემთხვევაში, სხვა მხარე მედავება, რადგან ეს შეკვეცა მისი გამოხატვის თავისუფლებასთან ასოცირდება, მაგრამ თქვენი გამოხატვის თავისუფლება, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენა ჩემს თავისუფლებას არ უნდა ზღუდავდეს და ჩემი გამოხატვის თავისუფლებასთან არ უნდა გადიოდეს ზღვარზე“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.