გიორგი ლომია - მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტში აღმოჩნდა, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერაა შექმნილი და არც უმრავლესობის მიერ, ის სხვა ადგილას იქმნება
მოსამართლეთა სია, რომელიც პარლამენტში აღმოჩნდა, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერაა შექმნილი და არც უმრავლესობის მიერ, ის სხვა ადგილას იქმნება და მერე, უმრავლესობას, ან საბჭოს დასამტკიცებლად გადაეცემა, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის, სად დგება ეს სია“, – განაცხადა ლომიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხდება თუ არა პროცესი უფრო ღია და ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში პარლამენტი უფრო აქტიურად, როგორც ამას უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს და პირადად ის, სად ხედავს საფრთხეს, რომ შესაძლოა, სიაში ისევ მოხვდნენ კონკრეტული მოსამართლეები, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს, გიორგი ლომიამ აღნიშნა, რომ დღეს, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უბრალოდ, ილუზიაა.
„იმისთვის, რომ კანდიდატი ამ სიაში მოხვდეს, მან 34-ე მუხლი უნდა დააკმაყოფილოს. ეს ასე ვთქვათ, პროფესიონალური მუხლია, მისი პროფესიონალური ცოდნა, გამოცდილება და ა.შ. ძირითადად, ამ მუხლს დააკმაყოფილებს კანდიდატი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. აქ უკვე, გადავდივართ იმ ხალხზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში ათი და თხუთმეტი წელიწადი არიან“, – განაცხადა ლომიამ.
როგორც ლომიამ აღნიშნა, რა თქმა უნდა, პარლამენტში კითხვები დაისმება, მაგრამ მაგალითად, თუ მურუსიძეს დაუსვამენ კითხვას – თვლის თუ არა ის, რომ დამოუკიდებელი მოსამართლე არ ყოფილა და მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, როცა მის პროცესზე განაჩენი დგებოდა, ის უპასუხებს, რომ მაშინ ასეთი დრო იყო, ისეთი ზეწოლები და ის რომ არა, იგივე გადაწყვეტილებას სხვა ვინმე მიიღებდა.
„იყო თუ არა მოსამართლე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იმ პერიოდში?! რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არ იყო. მე რომ მას ეს კითხვა დავუსვა და მითხრას, დამოუკიდებელი ვიყავიო, ესე იგი, ადამიანი აშკარად გვატყუებს. ბოლოსდაბოლოს, მისი საქმეები რომ გამოვითხოვოთ, ძალიან ბევრ საქმეს ვნახავთ, რომელიც თეთრი ძაფით არის ნაკერი. თუ იტყვის, რომ დამოუკიდებელი არ ყოფილა, მაშინ ისმის კითხვა, მოსამართლე, რომელიც დამოუკიდებელი არ ყოფილა, იქნება კი ამ მთავრობის ხელში დამოუკიდებელი?!“, – განაცხადა ლომიამ.
ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მას, როგორ მოქალაქეს, პირველ რიგში, მოსამართლის კეთილსინდისიერება აინტერესებს და არა პროფესიონალიზმი.
„მე მაინტერესებს, რამდენად სამართლიანი იქნება ეს მოსამართლე და უკვე მეორე ეტაპზე მაინტერესებს მისი პროფესიონალიზმი. იმიტომ, რომ პროფესიონალი თაღლითი ჩემთვის და საზოგადოებისთვის უფრო საშიშია, ვიდრე კეთილსინდისიერი და ნაკლებად პროფესიონალი. ამიტომ, პირველ რიგში, მე ვითხოვ სამართლიანობას და კეთილსინდისიერებას“, – განაცხადა ლომიამ.
ლომიამ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს.
„იმიტომ, რომ ამ საბჭოში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის მიერ დანიშნულ წევრებს. არჩეულს კი არა, დანიშნულ წევრებს, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ. საბჭოში ეს წევრები უმრავლესობის დაკვეთას ასრულებენ, ან კერძო პარტიულ ინტერესებს იცავენ“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.