გიორგი ლომია - მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მე-7 პუნქტი მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო - კიდევ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?
გიორგი ლომია - მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მე-7 პუნქტი მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო - კიდევ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?

ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრუსელში ხდებოდა და მოხდება საჯაროდ, დასამალი არაფერი გვაქვს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლომიას თქმით, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთთან კავშირში სდებენ ბრალს, თვითონ არიან მოსკოვთან თანამშრომლობაში.

„მინდა ბატონ მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოვეხმაურო. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ  წარმოუდგენლად მიაჩნია, შვიდ და რვა პროცენტს უტოლდებოდეს იმ პარტიის რეიტინგი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს. მინდა დავსვა კითხვა, რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია? იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, რუსეთთან, მოსკოვთან? ამაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია? თუ თქვენ ეყრდნობით ყველასთვის უცნობ „დოსიეს“ ე.წ დოკუმენტს, რომელშიც რაღაც ბიუჯეტია წარმოდგენილი და დღემდე ვერავის გაურკვევია რა ბიუჯეტია, სხვათაშორის, თქვენ მიანიჭეთ იმ ფარატინა ქაღალდს დოკუმენტის სტატუსი. ქაღალდს, რომელსაც არც გერბი აქვს, არც ბეჭედი და არც ხელმოწერა, არ შეიძლება დოკუმენტი ვუწოდოთ. ისიც მინდა შეგახსენოთ, არც ერთ თქვენგანს არ გითქვამთ და არ გაგიკეთებიათ განცხადება კუროპტევის ნათქვამზე, რომელმაც თქვა, რომ ეს პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდანო. ვინ ეკითხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოიხსნება თუ არა საქართველოში პარტია არჩევნებიდან. ეს არ არის უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესში? არც ერთ თქვენგანს ამაზე ხმა არ ამოგიღიათ იმიტომ, რომ გაწყობდათ ეს შავი პიარი ჩვენ წინააღმდეგ.

ახლა ვისაუბროთ „ტვ პირველში“ გასულ სიუჟეტზე. იქ ნაჩვენებია ბილეთები, რაც ადასტურებს, რომ თქვენც „ოცნებაც“ ჩადიხართ მოსკოვში, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ამას ფარულად აკეთებთ. ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება ნაცებს, რომლებსაც საერთოდ ხმა არ აქვთ ამოსაღები 2008 წლის ომის შემდეგ მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მე-7 პუნქტი ამოიღო მიხეილ სააკაშვილმა, რითაც საშუალება მისცა რუსეთს, რომ ეღიარებინათ სოხუმი და ცხინვალი, კიდევ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია? 2008 წლის ომის შემდეგ, ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის ხელმომწერი იყო მთელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და იმ დელეგაციიდან რამდენიმე წევრი ჩვენი პარლამენტის წევრია, მათ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, რომელშიც ნაგულისხმევი იყო, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედება,  გამოიყენა კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ბომბები რომლებიც კონვენციით არის აკრძალული. ამაზე ხელი მოაწერეს ამ გამყიდველებმა და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია? 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენებზე გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც  „კაგებეს“ უმაღლესი სკოლა დაამთავრა, რადგან „მგიმო“ ჩათვალეთ, რომ „კაგებეს“ სკოლაა, რუსეთიდან ჩამოიყვანა პოლიტტექნოლოგები, რომლებიც მართავდნენ მის საარჩევნო კამპანიას. პოლონეთმა შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ვისაც „მგიმო“ აქვს დამთავრებული საჯარო სამსახურში არ მიიღება და ჩვენ ვართ პრორუსული ძალა? ჩვენ ვართ მოღალატეები და გამყიდველები? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხმა ვერ ამოგვიღია და სიმართლე ვერ გვითქვამს ისე, რომ ვინმემ იარლიყი არ მოგვაკეროს. ასეთი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენ შთამომავალს, ჩვენს მომავალ თაობას?, – განაცხადა ლომიამ.