გიორგი ლომია - ბიზნესზე ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არაჰუმანური მეთოდებით ხდებოდა, დღეს კი ძირითადად „შავი პიარით“
ადამიანმა თუ დანაშაული ჩაიდინა, თუნდაც ადრე, ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, არ აქვს მნიშვნელობა ძველია თუ ახალია, – ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.
როგორც გიორგი ლომიამ აღნიშნა, არ ენდობა, ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ხაზარაძის თქმით, შსს-ს მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან ზეწოლის გზავნილი იყო.
“რაც შეეხება „თიბისი ბანკს“ და მუქარის წერილს, მე არ მჯერა. წერილი ისეთი თემაა, შსს-მინისტრი უგზავნის წერილს ანუ ტოვებს ფაქტს, იმასაც ხომ ესმის, რომ ეს არის ფაქტი და შავი პიარის ასაგორებლად ძალიან კარგი თემა. ნუ რატომ გაუგზავნიდა წერის, თუ შიკრიკი გაუგზავნა, ბარემ შიკრიკს დააბარებდა და სიტყვიერად გადასცემდა ხაზარაძეს. ამიტომ ნაკლებად მჯერა, თუმცა თუ ექსპერტმა დაამტკიცა, რომ ეს წერილი ოდესმე გახარიას ხელში ნამდვილად ყოფილა, მაშინ ეს არამხოლოდ გახარიას პრობლემა იქნება, არამედ მთლიანად ხელისუფლების და სავარაუდოდ, ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება“,- განაცხადა დეპუტატმა.
ლომია იმ ადამიანების მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლებიც „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
„კონკრეტული ადამიანები, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ მხოლოდ პიარისთვის. კარგია საგამოძიებო კომისია, თუ ამას საპიაროდ არ იყენებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავიდან მოითხოვს კომისიის შექმნას. გამოძიებაზე ორიენტირებული კომისია ძალიან კარგია, პიარზე ორიენტირებული ძალიან ცუდია. ჩვენ ვნახეთ იგივე ხორავას საქმესთან დაკავშირებით, შეიქმნა კომისია, ოთხი თვის განმავლობაში იყო აჟიოტაჟი ამ კომისიის გარშემო, ვითომ რაღაცას მიაღწიეს, საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც იმით დასრულდა, რომ არანაირი ფაქტი ამ კომისიას არ დაუდია“, – განაცხადა ლომიამ.
ამასთან, გიორგი ლომიამ ბიზნესზე ზეწოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ზეწოლა არაჰუმანური მეთოდებით ხდებოდა, დღეს კი ძირითადად „შავი პიარის“ საშუალებით.