გიორგი ლომია - არ შეიძლება, ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც პრინტერზეა ამობეჭდილი, პროკურატურაში სარჩელი შეიტანო, ან აუდიტის სამსახურს გამოძიება მოსთხოვო, ეს აბსურდია
არ შეიძლება, ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც პრინტერზეა ამობეჭდილი, პროკურატურაში სარჩელი შეიტანო, ან აუდიტის სამსახურს გამოძიება მოსთხოვო, ეს აბსურდია, – ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის ფინანსური დეკლარაციების შესწავლას.
მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ სრული პოლიტიკური სპექტრია გაერთიანებული.
,,პირველად მედიისგან გავიგე, რომ აუდიტის სამსახურმა „დოსიეს“ საბუთების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. თუ დაიწყო, ძალიან ცუდია. არ შეიძლება, ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც პრინტერზეა ამობეჭდილი და სადაც „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის დასახელებული პროკურატურაში სარჩელი შეიტანო, ან აუდიტის სამსახურს გამოძიება მოსთხოვო, ეს აბსურდია.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანებულია არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი, არამედ მთავრობაც მონაწილეობს ამ სპექტაკლში. რაც შეეხება კრემლის დავალებას, ამ ფარატინა ქაღალდში წერენ, რომ ჩვენ მივიღეთ დავალება, ვისაუბროთ ილორის ტაძარსა და ხატის გადაბრძანებაზე. ძალად ოპოზიციურ პარტიებს რომ არ აეტეხათ ერთი ამბავი, რომ მე და ქალბატონმა ირმა ინაშვილმა ხატი გადავაბრძანეთ, ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებდით. ეს იყო რელიგიური თემა. ჩვენ გადავაბრძანეთ ხატი და დავბრუნდით უკან. ამით დამთავრდა ყველაფერი. აბსურდია, რომ ეს საკითხი ვითომ კრემლიდან მოდის.
რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს. „დოსიემ“ მოიპოვა და ჩვენმა სპეცსამსახურებმა ვერა? ასეთი რეალობა რომ ყოფილიყო , ჩვენ წინააღმდეგ დიდი ხნის წინ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე.“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
პლატფორმა „დოსიემ“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რვა მილიონი დოლარი რუსული დაფინანსება მიიღო.