გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოს მიმართა, ფსიქიატრიულებში არსებული მდგომარეობით მაქსიმალურად დაინტერესდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სთხოვა, მაქსიმალურად დაინტერესდეს ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობით.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინფორმაცია სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე საგანგაშო იყო.
„აუცილებლად მინდა შევეხო სურამის ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებას. ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომ ამ დაწესებულებაში იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა. სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო.
მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით.
ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო – საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია, განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან. აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს. მისივე განცხადებით, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის.
„მივესალმებით, რომ თქვენ რეაგირება მოახდინეთ და მივლინებულია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დროებითი მართვის რეჟიმში მართავს ამ დაწესებულებას, მაგრამ მინდა ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები.
მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით.
ნამდვილად, სახალხო დამცველს ეკუთვნის მადლობა იმისათვის, რომ ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება.