გიორგი კვირიკაშვილი - იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოს 1.5 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოს 1.5 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა
„ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად. გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. საქართველოს 7.5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28%-ს მიაღწია, რაც ვფიქრობთ, რომ არის მართლაც ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი.
2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი, საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, 28%-ით გაიზარდა.
მხოლოდ მარტის თვეში, წინა წილის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების მსგავსად, ძალიან მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელი.
„კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთიდან შემოსულმა ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან – 47%, ლატვიიდან – 45%, ლიტვიდან – 35% და საფრანგეთიდან – 25%. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პირდაპირი რეისები, როგორც ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ისე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით არის გაზრდილი. მე ძალიან გამიხარდა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი ამბავი, რომ ქართულმა კომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ მთელი რიგი ევროპული ქალაქების მიმართულებებით ახალი პირდაპირი რეისები გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონური არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.
ტურიზმი 2016 წელს საქართველოში იყო 2 მლრდ-ის შემოსავლის წყარო, 2017 წელს კი, ტურიზმიდან შემოსავალმა ჩვენს ქვეყანაში 2, 75 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ ჩვენი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა სახით: სასტუმროებში დახარჯული ფული, კვებაზე დახარჯული ფული, ტრანსპორტზე, საოჯახო სასტუმროებში დახარჯული ფული, რაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის შემოსავალი.
დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურაში ჩაიდოს ინვესტიციები 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ეს დახარჯული ფული პირდაპირი ამონაგების სახით მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება მაია ცქიტიშვილის ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ ბოლო წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი შესრულდა, რაშიც ზურა ალავიძემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო“ – განაცხადა პრემიერმა.