გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან
გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან

ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და რა თქმა უნდა, შევძლებთ ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან დიდ მონაპოვარს თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს.

„მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაყები. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან და უდიდესი ნდობის გამოხატულება.

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორსა და მეგობარს, რომელთაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს.

ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და რა თქმა უნდა, შევძლებთ ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.