გიორგი კვირიკაშვილი - SGS-თან ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არ არის
SGS-თან ხელშეკრულებას დღემდე იმიტომ არ მოეწერა ხელი, რომ რუსეთი ქართული მხარისთვის მიუღებელ მოთხოვნებს აყენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველო-რუსეთის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგის საკითხზე შვეიცარულ კომპანია SGS-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელშიც არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
„მოგეხსენებათ, რომ ეს ხელშეკრულება მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინა ხელისუფლებისგან. თუ რატომ არ მოეწერა დღემდე ხელი, ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. დღესაც არის მათი მხრიდან მოთხოვნები, რომ ამ ხელშეკრულების ტექნიკურ დეტალებში გაკეთდეს შესწორებები, რომლებიც ჩვენთვის არ იქნება მისაღები. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც აბსოლუტურად არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო. ხელშეკრულებას აფხაზეთზე საუბარი არ არის. საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე, როდესაც იქნება თოვლი, მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუქნტის მიმართულებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნას ეს მექანიზმის ცხინვალის მიმართულებით, ისიც ზედმიწევნით იმ ტექსტის დაცვით, რომელიც ხელშეკრულებაში არის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ კორიდორით ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება ისარგებლოს თურქეთმაც, სომხეთმაც და არაერთმა ქვეყანამ, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით სარგებლობს.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით, ეს არის ცალმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება, ვინაიდან რუსეთის მხრიდან წამოყენებული გარკვეული პირობები ქართული მხარისთვის მიუღებელია.
19 დეკემბერს, ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით ქართულ მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი გაიმართა.
ხელი მოაწერაკონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.