გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქალებს 8 მარტის დღესასწაულს ულოცავს.
პრემიერი ქვეყნის განვითარებაში ქალთა როლის შესახებ ამახვილებს ყურადღებას.
„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ბედნიერებას და დიდ წარმატებას.
ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფე თამარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობა იშვიათობა იყო, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას უკვე ჰყავდა პოლიტიკური პარტიისა და დამფუძნებელი კრების წევრი ქალები. წელს, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე და ანა სოლოღაშვილი – პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოებრივ საქმეში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.