გია ვოლსკი - საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქალები არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობდნენ, არამედ არჩეულიც იყვნენ
გია ვოლსკი - საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქალები არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობდნენ, არამედ არჩეულიც იყვნენ

პარლამენტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, კომისიაზე 12 მარტს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

„საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქალები არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობდნენ, არამედ არჩეულიც იყვნენ.  გამორჩეულები იყვნენ – მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი და მარიამ ჩხეიძე, რომელმაც კონსტიტუციის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. 12 მარტს  დამფუძნებელ კრებას შეუსრულდება 100 წელი და 100 წელს ზეიმობს ქართული პარლამენტარიზმიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, 100 წლის წინ პირველი არჩევნები, პირველი დამფუძნებელი კრება შედგა, რომელმაც კონსტიტუცია მიიღო, 1200-მდე სასწავლო დაწესებულება გახსნა და 400-მდე საკანონმდებლო აქტი გამოსცა.

„პოლიტიკური სხვაობის მიუხედავად, ეს ადამიანები ერთად იდგნენ და მტრისა და აგრესორის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პოლიტიკურ ატმოსფეროში მაგალითები იყვნენ იმისა, თუ როგორ უნდა იდგეს, ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად”, – განაცხადა ვოლსკიმ.