გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში
საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების კიდევ ერთი დადასტურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი აირჩიეს საპატიო საერთაშორისო პოზიციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „მოქსში“ ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩიეს.
„მინდა, მივესალმო ჩვენი თანამემამულის არჩევას გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რაც არის ორი რამის დადასტურება. ერთი, რომ საქართველო იმკვიდრებს მყარ ადგილს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე და საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი მიზეზით. საქართველო ხდება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და ასევე ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების კიდევ ერთი დადასტურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იქნა არჩეული ესოდენ საპატიო საერთაშორისო პოზიციაზე. მეორე რისი დადასტურებაც ეს გახლავთ, არის ბატონი ზურაბის განვლილი გზა და მისი პირადი დამსახურება. ჩვენ სულ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ქვეყნის დამსახურება, მაგრამ ბატონი ზურაბის დამსახურებაა, რადგან მან თავისი მოღვაწეობით შესაძლებელი გახადა, რომ დღეს იკავებს ამ თანამდებობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმი აჩენს ეკონომიკურ მოთხოვნებს, რასაც მოჰყვება ზრდა ეკონომიკის ყველა მიმართულებაში.
„ძალიან მახარებს, რომ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. ეს არის მოთხოვნის ზრდა ტრანსპორტის სფეროში, კომუნიკაციებში, ეს არის ახალი დამატებული მოთხოვნა, რაც აისახება ჩვენს ქვეყანაში განვითარების ყველა მიმართულებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ტურიზმის ადმინისტრაციას ეს წარმატება, მადლობა გაწეული საქმისთვის. მადლობა ეკონომიკის სამინისტროს და ეს წარმატება არ არის რომელიმე ერთ უწყების წარმატება. ტურიზმის წარმატება წარმოუდგენელია, თუ ქვეყანაში არ შეიქმნება ერთი მთლიანი ინტეგრირებული მექანიზმი, როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა, ყველა რგოლი მუშაობდეს ამ წარმატებისთვის. სხვაგვარად ტურიზმის წარმატება წამოუდგენელია. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რმწენას, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებს აიღებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.