გიორგი კვირიკაშვილი - საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის დღედ აქცია
საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„სამი წლის წინ, 13 ივნისი თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს.
ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც რვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა.
იმ მძიმე დღეებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები – ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ და 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების ფოტოკოლაჟს აქვეყნებს.
13 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.