გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონულ ხელისუფლებებში გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები, დღეს გვყავს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით მეტი გვინდა
რეგიონულ ხელისუფლებებში გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები, დღეს, რა თქმა უნდა, გვყავს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღებენ, მოტივირებული იყვნენ, ცოდნა თავიანთ რეგიონებს, სოფლებსა და რაიონებს მოახმარონ.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ, უკვე ზურგს უკან გვაქვს მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა გახლავთ ცხოვრების დონის გათანაბრება, სხვადასხვა რეგიონს შორის. უთანასწორობა, რაც ჩვენ დღეს გაქვს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.
რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი, გარდა იმისა, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია.
არავინ არ მინდა მიიღოს შეურაცხყოფად ეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. რა თქმა უნდა, დღეს გვყავს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა.
ჩვენი სურვილია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ისინი იყვნენ მოტივირებული, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონებს, თავიანთ სოფელს, თავიანთ რაიონს ემსახურონ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ თვითმმართველობის რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში გაცილებით მეტი საშუალება შეიქმნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი პოტენციალის გამოვლენისთვის.