საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს უკვე ერთ წელიწადში მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი მიუნხენის უნივერსიტეტი იქნება.
„ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო, გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი და შეირჩა მიუნხენის უნივერსიტეტი, რომელიც იქნება მთავარი პარტნიორი ამ უნივერსიტეტის, რომლის ეგიდითაც გაიხსნება უნივერსიტეტი საქართველოში და პრაქტიკულად ეს უნივერსიტეტი დაფარავს მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმართულებას მთლიანად ჩვენს რეგიონში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი ტექნოლოგიურ განათლებაში, ჩამოსულიყო საქართველოში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმივე, უნივერსიტეტის მშენებლობის ნებართვა 2017 წელის სექტემბერში გაიცა.
„მემორანდუმზე ხელი უკვე მოწერილია. მშენებლობის ნებართვა ახლა სექტემბერში გაიცა. რამდენადაც ვიცი, უკვე გარკვეული მშენებლობა განხორციელებულია, ქვაბული ამოღებულია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. სტუდენტების პირველი მიღება შესაძლებელი იქნება უკვე ერთ წელიწადში და რა თქმა უნდა, თანდათანობით გაიზრდება მიღებული სტუდენტების მაჩვენებელი. ეს უნივერსიტეტი იმ მასშტაბით იქნება, რა მასშტაბითაც დაანონსდა. რა თქმა უნდა, ეტაპობრივი იქნება მისი მასშტაბის ზრდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შემოსულიყო პარტნიორად და ეს მოხერხდა სწორედ ამ პერიოდში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.