გიორგი კვირიკაშვილი - ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ
საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებლად დაგვჭირდება. ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატების კითხვებზე საპასუხო გამოსვლაში განაცხადა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჯერ არის მხოლოდ იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს. საქართველოს პრემიერმა დეპუტატებს საკითხის განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ განხილვაში და რაღაცნაირად მოვიფიქროთ სქემა, რადგან კატასტროფულად იზრდება ფინანსურ რესურსზე მოთხოვნა მუნიციპალიტეტებში. ბიუჯეტი ამ მზარდ დანახარჯებს ძალიან რთულად აუდის. არ ვიცი, არ მაქვს რეცეპტი. არის რამდენიმე ვერსია, რაც შეიძლება განვიხილოთ. ამას შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ მეორე მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, შესაძლოა, იყოს უფრო მაღალი ბარიერი – ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი გადაიხადონ! ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნდა შემუშავდეს სქემა, რომლის მიხედვით, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს მოუწევთ გადასახადის გადახდა, ხოლო საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონეთა დახმარება უფრო მასშტაბურად მოხდება.
„მინდა გთხოვოთ, ჩაერთოთ მსჯელობაში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე არ არის გამორიცხული, იყოს ოპოზიციის აქტიური მონაწილეობა. ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა, მაგრამ მეორე მხრივ, საჭიროებაზე ორიენტირებული კომპონენტები შემოვიტანოთ. საერთოდ, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომელიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ – ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამიანებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.