გიორგი კვირიკაშვილი - ერეკლე მეორე იყო მეფე, რომელსაც მოუწია საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება
გიორგი კვირიკაშვილი  - ერეკლე მეორე იყო მეფე, რომელსაც მოუწია საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება

ბატონის სასახლის კომპლექსში მუზეუმის გახსნით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე.

„მიუხედავად ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, ბევრი თაობის მეფეების შემდეგ, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედა ბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედა ბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, მუზეუმის რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

თელავში მუზეუმი დღეს გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა.