გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიუნტერ ბეხლერსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე – სირთულეებს, რომელიც მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვით ექმნება.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზადყოფნა, ჟენევის ფორმატში გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იმ ძირითად საკითებზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ემსახურება.

ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც მხარეები ჟენევაში 27-28 მარტს იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს დისკუსიებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.