გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის არჩევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პოზიტიურად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება, დადებითად აისახება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ახალ იმპულსს მისცემს გუნდს.
„დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენთვის პარტია „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის, ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ ყრილობა.
„დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტსაბჭო და დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ.
„ჩვენ, როგორ ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფო განვითარების ფონზე დადგა აუცილებლობა გავაძლიეროთ პარტია და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენ გუნდს. მნიშვნელოვანია, პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავე დროს, ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი პოლიტიკური ხედვა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით. მნიშვნელოვანია, როგორც მმართველმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთიანობა ფუნდამენტურ საკითხებზე. მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველობას“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.