გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს
ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „მოქსში“ ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ტურიზმის სფერო მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიისთვის, რადგან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობა.
„ტურიზმი ნამდვილად გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად. 2017 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი დასრულება რიცხვით, რაც 8 მილიონს გადააჭარბებს. ვფიქრობ, კარგია, რომ 2017 წლის განმავლობაში ტურიზმის გზით საქართველოში 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში შემოსავალი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება სივრცითი განვითარებაა და ეს ოთხივე მიმართულება ძალიან მჭიდრო, ლოგიკურ, ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან.
„4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ სივრცითი განვითარება, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიყვანა ტურიზმისთვის საინტერესოა ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება ავტობანების მშენებლობა, ამას ემსახურება ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე მომსახურების სფეროში აუცილებელი ინფრასტრუქტურის ჩონჩხის შექმნა, რომელიც პირდაპირ აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეს პოზიტიური ტენდენცია, რომელიც გვაქვს დღეს აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი ტენდენციები, რომელიც ტურიზმში გამოიკვეთა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებასა და განვითარებას, აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში.
“ჩვენი ქვეყანა ტურიზმის სფეროში უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას და ასევე უსაფრთხოების კომპონენტს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.