საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა. პრემიერ-მინისტრების პირველი შეხვედრისას, საუბარი შეეხო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს და სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას.
მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე და სავაჭრო ბრუნვის მზარდ ტენდენციაზე, რომელმაც 2017 წელს 41%-ს გადააჭარბა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში გამართული ერთობლივი ბიზნესფორუმისა და ჰელსინკიში დაფუძნებული საქართველო-ფინეთის ბიზნესსაბჭოს როლს და გამოითქვა იმედი, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ფინელ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვანი პოზიციების შესახებ.
გიორგი კვირიკაშვილმა ფინეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინელ ხალხს ფინეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა. პრემიერმა იუჰა სიპილამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.