გიორგი კოხრეიძე - რამდენიმე თვეა, საუბრობენ შიშებზე, საფრთხეებზე, თუმცა დღემდე არაფერი საშიში არ ხდება, საფრთხე არავის ემუქრება
გიორგი კოხრეიძე - რამდენიმე თვეა, საუბრობენ შიშებზე, საფრთხეებზე, თუმცა დღემდე არაფერი საშიში არ ხდება, საფრთხე არავის ემუქრება

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის ირგვლივ შექმნილი ვითარება ადამიანების ანგაჟირებულობამ გამოიწვია.

კოხრეიძის თქმით, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს უსაფუძვლო საუბარი საფრთხეებზე, თუმცა დღემდე მსგავსი არაფერი ხდება.

„სამი-ოთხი თვეა, საუბრობენ შიშებზე, საფრთხეებზე, თუმცა დღემდე არაფერი საშიში არ ხდება, არავის ემუქრება საფრთხე, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები არიან ანგაჟირებულები“,-ამბობს გიორგი კოხრეიძე.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ჟურნალისტების მოთხოვნა, რომ სტრუქტურულ ცვლილებებზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის შესახებ მათთვის განცხადების გაკეთების საშუალება მიეცათ.

თუმცა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა მათ სხდომის დასაწყისში განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დარბაზში იმყოფებოდნენ ტელევიზიის თანამშრომლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი – ნაწილი მენეჯმენტს უჭერს მხარს, ნაწილი კი ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ხმაური იყო შენობის გარეთაც. აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსთან მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.